
#grlzბიბლიოთეკა
ზაიარა არსენიშვილის რომანი “ვა, სოფელო…” პირველად 2003 წელს გამოიცა. იმ დროს წიგნი ფართო წრეებისთვის შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა თანამედროვეობამ გააცოცხლა მისი გენიალური შემოქმედება და დღეს, ფემინისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წარმომადგენლად მიიჩნევა.
წიგნში აღწერილია ადამიანური ტრაგედიები, რომლებიც ერთმანეთშია გადახლართული და ამ პერსონაჟთა ისტორიები ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ჭირს გარკვევა – ვინაა მსხვერპლი, ვინ უფრო უნდა შეგვეცოდოს – გლოვისგან დატანჯული ევა, თუ უსიყვარულოდ გაზრდილი სპირიდონა, შინაბერად დარჩენილი, მარტოობაზე შეყვარებული მაკა, თუ ადამიანობადაკარგული არჩილი.
წიგნში სიმძაფრითაა აღწერილი, თუ რა მოუტანა სოციალისტურმა წყობამ საქართველოს. გარდა იმისა, რომ სისტემამ ფიზიკურად უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, შეცვალა და გადააგვარა ადამიანის სულიერი მდგომარეობაც.
როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი თავი შეინარჩუნოს იმ დროში, როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსამართლობა და ღალატია?
მხოლოდ იმით, რომ არ ჩაახშოს საკუთარ თავში სინდისის ხმა.
მოახერხა თუ არა ეს რუსუდანმა? რა თქმა უნდა. საკუთარი ცხოვრება ისე დაასრულა, რომ შეძლო, ყველა ადამიანში დაენახა „სათავე”, ჩასწვდომოდა „არსთა საზრისს”.
მან სამი ლოცვა დატოვა მემკვიდრეობად, „ვედრებისა”, „შენდობისა” და „მადლობისა” – იცხოვრა, როგორც ღირსეულმა ადამიანმა, დაითმინა ტკივილი და მადლობელი იყო იმისთვის, რაც უფალმა მისთვის გაიმეტა.
თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, პირველად წაკითხვის სიამოვნება წინ გაქვთ.
ტექსტის ავტორი: ნინი როხვაძე
ილუსტრაციის ავტორი: ელენე ქათამაძე
