#grlzბიბლიოთეკა

ზაირა არსენიშვილის პირველი რომანი, „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ 1997 წელს გამოიცა, თუმცა წიგნი მკითხველთა ფართო წრისათვის მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი.

წიგნი გვიყვება მეოცე საუკუნის იმ პერიოდზე, როცა სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელი იყო გასული. მთავარი გმირები მუსიკოსები არიან, განსხვავებული რწმენის, ეროვნებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმის არაერთი საშინელება საკუთარი თვალით ნახეს და გამოსცადეს, თუმცა ცხოვრებას შეძლებისდაგვარად ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებენ – მუშაობენ, ერთობიან და რაც უნდა უცნაური იყოს, ძალიან ბევრს იცინიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი მსუბუქი საკითხავი არ არის, ზაირა არსენიშვილი ცდილობს ხშირად გააღიმოს მკითხველი.

ზაიარა არსენიშვილი არ გვიყვება მხოლოდ გამოგონილ ამბებს, ეს მისი წარსულიცაა. წიგნში აღწერილი ისტორიების ნაწილი ავტორის ბიოგრაფიასთანაა დაკავშირებული და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად ემოციურს ხდის წიგნის სიუჟეტს. შეიცვალა თუ არა თავად ადამიანის ბუნება? – ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ავტორი მკითხველს უსვამს, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია.

თუ ამ პერიოდში არ გიცხოვრიათ და ეს ისტორიები არც თქვენს ოჯახებს შეხებია, ზაირა არსენიშვილის წიგნი გამოგზაურებთ იმ წარსულში, რომელშიც არ გიცხოვრიათ; ზუსტად დაგანახებთ იმ ქალაქს, რომელშიც არასდროს გაგივლიათ და შეგაყვარებთ ადამიანებს, რომლებსაც არასდროს შეხვედრილხართ.

დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, ნახავდით იმ ქალაქს, რომელიც ზაირა არსენიშვილმა აღწერა?

ტექსტი: ნინი როხვაძე
ილუსტრაცია: ელენე ქათამაძე