
ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
⭐️ გზა
ვფიქრობ, რომ ვარ ფემინისტი. მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტური თეორიები აკადემიურად არ მისწავლია, ხშირად ვგრძნობ, რომ მე ამ ფემინისტურ თეორიებში „ვცხოვრობ.“ როცა კრიზისებს გავდივარ როგორც ქალი, მერე ვნახულობ, რომ ეს სხვა ფემინისტებმა უკვე გაიარეს. ხანდახან მწყინს, რომ ეს ყველაფერი წიგნებში არ წავიკითხე, რომ უფრო მომზადებული დავხვედროდი კრიზისებს და ნაკლები ზიანით გამევლო ეს გზა.
ამ მომენტში ვმუშაობ ადვოკატად და იმდენად მომწონს ეს საქმე, რომ ხანდახან მგონია, ჩემი ჰობია და მუშაობის პროცესში ვისვენებ.
ხშირად ვფიქრობ და ვდარდობ, რომ ძალაინ ბევრი ქალი და ბავშვი არის გარშემო, ვისაც ვერ ვეხმარები. ეს ფიქრები ხანდახან ღამე არ მაძინებს. მიფიქრია, მათ რომ ჩვენ შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია, მოვიდოდნენ და ჩვენ მას რაღაცით ვუშველიდით, გადავარჩენდით.
ერთ-ერთი ალბათ რაც სხვა იურისტებისგან განგვასხვავებს არის ის, რომ ჩვენ, ფემინისტი იურისტები, უპირობოდ ვენდობით ყველა ქალს, ვინც ჩვენთან მოდის. ჯერ დახმარების და ნდობის ხელს ვუწოდებთ და შემდეგ უკვე ვიკვლევთ დეტალებს და ნიუანსებს.
⭐️ ზეწოლა
სხვადასხვა ტიპის ზეწოლას ვგრძნობდი, რადგან ამდენჯერ შევიცვალე პროფესია, ან რადგან ოჯახი და შვილები მყავდა და ეს შეუსაბამო იყო კარიერულ ამბიციასთან.
ხშირად ქალაქგარეთ სესიებს და ტრეინინგებს ამის გამო ვერ ვესწრებოდი.
სტაჟირებებზე სიარულის დროსაც მაგრძნობინებდნენ, რომ თითქოს არ იყო იქ ჩემი ადგილი.
ფემინისტების მხრიდანაც მახსოვს ზეწოლა.
ერთხელ ვითხოვე, რომ 7 საათის შემდეგ არ დაენიშნათ შეხვედრა, რადგან ბავშვებს ვერსად ვტოვებდი, პასუხად კი მივიღე, რომ თუ სახლში ვერ დამიცავს ჩემი უფლებები და ბავშვის დამტოვებელი ვერ მიპოვნია, როგორ ვფიქრობდი საერთოდ სხვა ქალების უფლებების დაცვაზე.
მეწყინა და მივხვდი, რომ სხვადასხვა გამოცდილებები არსებობს, რომელიც თუ არ გამოიარე, წიგნში ვერ წაიკითხავ.
ვერც მე წავიკითხავ, თუ არ გავიარე ეს ყველაფერი.
ძალიან რთული დისკრიმინაციის, გენდერის ნიშნით ჩაგვრის და შევიწროების შემთხვევები მქონია.
ჩემს სულიერ “გაჭირვებებზე” და პრობლემებზთითქმის არ ვსაუბრობ, რადგან უნდა დავიცვა ქალი, ან ბავშვი და მისი დაცვა რომ შევძლო, უნდა ვიყო ძალიან ძლიერი. იძულებული ვარ, ჩემი სულიერი “მე” გვერდზე გადავდო და ვიყო ის, ვისაც სამყარო ითხოვს რომ ვიყო: დასავლეთში განათლება მიღებული, რამდენიმე პროფესიის მქონე, გამოცდილი ადვოკატი და ფემინისტი. მე თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ვისაუბრებ, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული გადაღლით, მძიმე რეალობით, პროფესიული გადაწვით ამას გამოიყენებენ ისინი, ვინც იცავენ მოძალადეებს. მე ხომ მათ ამის შანსს ვერ მივცემ. შესაბამისად, სულ უნდა ვიყო ძლიერი, ოპტიმისტი, იმედიანი.
ხშირად მაქვს სევდიანი ფიქრები. ოცი წელია ამ სფეროში ვარ და ძალიან ცოტა შევცვალე. ეს სევდა, დეპრესიული განწყობები, თვითიზოლაცია, განცდა რომ მარტო ხარ ძალიან ინტენსიურია თუმცა თოთქმის არასდროს ვსაუბრობ ამაზე. აქედან გამოსავალი კი ხშირად არის უფრო მეტი მუშაობა.
⭐️ აქტივიზმი და ერთად მოგებული ბრძოლა
მარცხი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება, თუმცა მარცხისგან გამოწვეული სევდიგან რომ გამოვიდეთ, ქალებმა ერთმანეთს ხშირად უნდა ვახსენოთ მომენტები და შემთხვევები, როდესაც ბრძოლა მოვიგეთ.
გამარჯვების ისტორიებში ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია ადრეული ქორწინების თემის წამოწევის და პირველი სტატისტიკის შექმნის ისტორია.
გამარჯვებების დროს ხშირად შენი შრომა საერთოდ არ ჩანს, იკარგება, თუმცა, მთავარია, ჩვენ ვიცით, რამდენი დრო და ენერგია დავხარჯეთ, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვლილიყო. ეს გეხმარება ახალი ბრძოლები წამოიწყო და შემდეგ სხვა ქალებთან ერთად გამარჯვება გაიზიარო და იზეიმო.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia
