
დღეს 29 აპრილის დილა “ქართულმა ოცნებამ” აქტივისტების ტერორით დაიწყო. პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში.
მარიამ ბაჯელიძე 22 კვირის ორსულია, ჩხრეკის დროს მარიამი თავის მცირეწლოვან, 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება მაშინ, როდესაც ადგილზე იმყოფებიან ბავშვები ან ორსული ქალები, შეუთავსებელია ბავშვთა უფლებებთან და მათ საუკეთესო ინტერესებთან. სახელმწიფოს ევალება, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებების დროს გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მათი ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება.
“ქართული ოცნების” მიერ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების დაშინებას, დისკრედიტაციასა და საჯარო სივრცეში მათი საქმიანობის შეზღუდვას.
ასევე შეგახსენებთ, გუშინ ღამით მაღაროელების პროტესტის 4 მონაწილე – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი დააკავეს.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 28 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთი მაღაროდან წამოსული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის მანქანას გზა გადაუკეტეს, კობერიძე მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სწორედ ამას ედავება შსს-ს დაკავებულ პროტესტის მონაწილეებს, რომლებსაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
