
დღეს ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა
ელენე ახვლედიანი თელავში 1901 წელს დაიბადა. მხტავრის ბიოგრაფები ხშირად აღნიშნავენ, რომ ელენეს პირველი გატაცება მუსიკა იყო, თუმცა ბავშვობაშივე დაინტერესდა ხატვით. #FemWiki
სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, გიგო გაბაშვილის მოსწავლე გახდა. რამდენიმე წელში კი, ელენე სტიპენდიით საზღვარგარეთ გაემგზავრა. ორი წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი პარიზში გადავიდა. იქვე მიიღო პირველ გამოფენაში მონაწილეობა, რომელსაც ბევრი სხვა ექსპოზიცია დაემატა. მათ შორის იყო პერსონალური გამოფენაც. ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა ბევრ სხვა დამთვალიერებელთან ერთად, პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა “კახეთი, ზამთარი.”
მხატვრობასთან ერთად, მისი სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 72 სპექტაკლი გააფორმა. მხატვრის განხვავებული ხელწერა ყოველთვის იქცევდა საზოგადოების ყურადღებას. ელენე ახვლედიანის ნამუშევრები გამოირჩეოდა თავისი ფერადოვნებით, სინაზით და უბრალოებით. მისი ნახატების ფერები ელენეს ყველა სხვა ქართველი მხატვრისგან გამოარჩევდა. თბილისური პეიზაჟები განსაკუთრებულ სიამოვნებას იწვევდა მნახველში. როგორც ფარაჯანოვმა თქვა: “თბილისი ჩემთვის არის ელენე ახვლედიანი“.
ელენე ახვლედიანი ისტორიას დარჩა არა მხოლოდ როგორც გენიალური მხატვარი, არამედ განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანი, რომელსაც თბილისი ძალიან უყვარდა. თანამედროვეები ხშირად იხსენებდნენ მის განსაკუთრებულ ზრუნვას ძველი თბილისისადმი, მისი სახის შენარჩუნებისთვის. მხატვრის უშუალო ჩარევის შედეგად არაერთი ძველი შენობა გადაურჩა ნგრევას.
1975 წელს, ელენე ახვლედიანი თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia
