დღეს ყველა დროის, ყველაზე საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა

შვედი მწერალი, რომელიც 1907 წელს დაიბადა, მსოფლიომ საბავშვო ლიტერატურის დედად აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს. “ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი, რასაც ადასტურებს მისი ლიტერატურული გმირები. #Femwiki

ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, როგორც თვითონ ამბობს, მამას განსაკუთრებულად უყვარდა. სკოლაში საუკეთესო იყო, თავიდანვე იცოდა, რომ წერა მისი განუყოფელი ნაწილი იქნებოდა. 17 წლის ასაკში დაორსულდა, 18 წლის უკვე მარტოხელა დედა იყო. ოჯახს მისი გაგება გაუჭირდა, ამიტომ იძულებული გახდა საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადასულიყო, საიდანაც ძმას ხშირად სწერდა წერილებს: “მარტოსული და უბედური ვარ. მარტოსული იმიტომ, რომ ეს რეალურად მართლა ასეა და უბედური იმიტომ რომ პანიკურად მაშინებს მომავალი ზამთარი.”

სტოკჰოლმში გააჩინა ბავშვი, დაიწყო მუშაობა და მარტოობის მიუხედავად, ცდილობდა, ფეხზე დამდგარიყო. რამდენიმე წლის მერე გათხოვდა და შვილი, კარენი შეეძინა, რომლის დამსახურებითაც ასტრიდმა ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ლიტერატურული გმირები შექმნა.

კალე ბლუმკვისტი, მადიკენი და კუდრაჭა, ლოტა აურზაურის ქუჩიდან, ბულერბიელი ბავშვები, უფლისწული მიო, ყაჩაღის ასული რონია, სახურავის ბინადარი კარლსონი, პეპი გრძელიწინდა, ემილი – ეს ის სახელებია, რომელიც ყველამ იცის და არასდროს ავიწყდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებიდან ბიოგრაფიულ წიგნში “ბავშვი ჩემში” გააერთიანა, სადაც მან თავისი ცხოვრება და შემოქმედაბა აღწერა.

“არ მინდა უფროსებისთვის წერა. მინდა ვწერო იმ მკითხველებისთვის, რომლებსაც სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. მხოლოდ ბავშვები ახდენენ სასწაულს კითხვის დროს.”

ლინდგრენი 2002 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. “სიკვდილის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ხვალ არა. რამდენიმე რამ არის, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთო.”