ზაირა არსენიშვილი #FemWiki

ზაირა არსენიშვილს საქართველოში წლების განმავლობაში იცნობდნენ, როგორც კინოსცენარისტს. ის თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: “როცა აყვავდა ნუში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” და სხვ.

ზაირა არსენიშვილის ეპოქალური რომანი “ვა, სოფელო…” რომელიც პირველად 2003 წელს გამოიცა, მკითხველის ფართო წრეებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა კი, წიგნი კრიტიკოსებმა მოიწონეს, მწერალი კი ფემინისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წარმომადგენლად მიიჩნიეს.

რომანში “ვა, სოფელო…” მოქმედება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში ვითარდება, პატარა ქალაქში მცხოვრები სამი ქალის თავგადასავლის მაგალითზე კი იმდროინდელი საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს. ნაწარმოები ყველაზე ტაბუირებულ წარსულზე გვიყვება – სტალინურ რეპრესიებზე, რომანი კი დიდი ტერორის ამბავს ქალების პერსპექტივიდან გვიზიარებს. ზაირა არსენიშვილი ხომ თავად იყო რეპრესიების მსხვერპლის შვილი.

“ზაიარა არსენიშვილმა ამ რომანით მე-20 საუკუნის ბებიების ისტორია შექმნა. თან ისე, რომ ძალიან მძაფრად გვაგრძნობინა – ბებიები ერთ დროს გოგოები იყვნენ; ბებიების ისტორია კი საქართველოს ისტორიაა.” – თამთა მელაშვილი.

“იცოცხლე დიდხანს,
რომ თვალთა შენთა
ნამი აპკურონ
ჩემი სამარის გადამხმარ ბალახს.
იცოცხლე დიდხანს,
რომ შენთა ბაგეთ
სიყვარულით კვლავ წარმოთქვან ჩემი სახელი.
ო, იდღეგრძელე,
რომ ჩვენს სიყვარულს,
ვარსკვლავჩამქრალს,
სვედაბნელებულს
სანთლად დაენთოს შენი სიცოცხლე”.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation