
” ზუსტად არ მინდა ასაკის დასახელება, რადგან არ მინდა ჩემმა რომელიმე მეგობარმა მიცნოს, მაგრამ 10 წლისაც არ ვიყავი,როდესაც ჩემი ოჯახის ახლო ნათესავმა გამაუპატიურა.
ეს არ იყო ერთჯერადი შემთხვევა, რადგან მასთან დამტოვეს მთელი კვირით.
ოთახში ჩამკეტა პირველ დღეს, შემდეგ დღეებშიც შემოდიოდა და იმეორებდა ყოველივეს.
პირველივე დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცოდი რა ხდებოდა, ვგრძნობდი როგორც აუტანელ ფიზიკურ ტკივილს,ისე შინაგან ღელვას, ტანჯვას და სირცხვილსაც. ეს უკანასკნელი შეიძლება არასწორად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ 10 წელზე მეტი გავიდა და ეს მცირე დრო არაა, დღემდე ვერ ვიშორებ იმ ტკივილს, რაც ჩემშია და დღემდე ვერ ვივიწყებ იმ მომენტს, როცა მის ბრძანებაზე ოთახში შევედი და ვერ ვპატიობ ჩემს პატარა მეს რომ არ იყვირა, არ იკივლა, არაფერი ქნა…
ბევრი შესაძლებლობა მაქვს, ბევრი რამის ათვისების უნარი მაქვს, ბევრი ოცნებაც, მაგრამ ჩემი ცხოვრება ჩემი აღარაა.
ვერ ვახერხებ გამოვიდე ამ ამბიდან და ვიყო მშვიდად, უტკივილოდ.
არ ვარ ადამიანთა იმ კატეგორიაში, ვინც მარტივად ნებდება.
ვსწავლობ, ვცდილობ ჩემი თავი და ადგილი ვიპოვო, მაგრამ ვერ ვგრძნობ რომ ვცოცხლობ.
მგონია, მე იმ დღეს მოვკვდი და ახლა უბრალოდ სხეულის ამარაღა ვარ.
იმედი მაქვს, როგორც ორგანიზაცია (GrlzWave) კიდევ უფრო და უფრო გაძლიერდებით.
ნამდვილად სჭირდებათ ქალებს დახმარება და უნდა არსებობდეს ვინმე ან რამე , რაც მათ იმედს და ძალას მიცემს.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗️მოქმედების დროა ❗️
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
