მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2019 წლის მარტის მონაცემებით ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალის 70%-ს ქალები წარმოადგენენ. ასეთი სურათია ჩინეთშიც – ჰუბეის პროვინციაში, სადაც ახალი კორონა ვირუსი წარმოიშვა, ექიმების, ექთნებისა და სანიტრების 90% ქალია.

ქალებისათვის მრავალი საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობის რეჟიმში განსაკუთრებულ სირთულედ იქცა მენსტრუაცია. ცივ და წვიმიან ვუჰანში რთულია მშრალი და თბილი სამოსის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა, ამას თან ერთვის სანიტარული პროდუქტების სიმცირეც, ამიტომ ქალების დიდ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, დაიცვას ჰიგიენა. მათ გარკვეულ ნაწილს დასვრილი ქვედა საცვლით უწევს მუშაობა, დამცავ პლასტიკურ ქურთუკებზე შესამჩნევი სისხლის ლაქებით.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალები იძულებული ხდებიან, მიიღონ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებიც, რათა მენსტრუაცია ხელოვნურად შეწყვიტონ. ამგვარი ქცევის მიზეზი ჰიგიენური საფენების დეფიციტია. სანიტარული პროდუქტების სიმცირის გამო გაიზარდა საშარდე გზების ინფექციების გავრცელების რისკიც. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ქალები მათი ჯანმრთელობისათვის საზიანო პირობებში სრული დატვირთვით მუშაობას კვლავ განაგრძობენ.

#FemFacts
წყარო – South China Morning Post