2009 წლიდან 2017 წლამდე აქტიურად ვიყავი ჩართული ფემინისტურ და ქვიარ აქტივიზმში საქართველოში. 2017 წელს შვედეთში წავედი სასწავლებლად და შემდეგ უკვე იქ დავიწყე მუშაობა ფემინისტურ ლგბტ ორგანიზაციაში. ახლა ვმუშაობ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან (მათ შორის საქართველოსთან) და ასევე რუსეთთან.
პირველი ნაბიჯები
აქტივიზმში ჩემი პირველი ნაბიჯები თვითგამორკვევის პროცესს უკავშირდება. დავიბადე 1986 წელს, შესაბამისად სადღაც 2000-იანი წლების დასაწყისამდე ინტერნეტიც კი არ არსებობდა ჩემთვის, სექსუალობასა და გენდერულ საკითხებზე ხელმისაწვდომობასა და ღიად საუბარს რომ თავი დავანებოთ. თუ დღეს გენდერულ იდენტობასთან და ორიენტაციასთან დაკავშირებით ალტერნატიული ინფორმაცია და მოსაზრებები არსებობს, მაშინ ყველანაირი სივრცე დახშული იყო ამ თემებზე სასაუბროდ.
ზუსტად ის პერიოდი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სექსუალობის ფორმირებისთვის, გავიარე სრულიად მარტომ, იზოლაციაში. მოზარდობის პერიოდიდან ვფიქრობდი, რომ გამივლიდა და აღარ მომეწონებოდა გოგოები, თუმცა საბოლოოდ, როდესაც მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო ეს ოდესმე ასე მომხდარიყო, ჩემნაირი ადამიანების გაცნობა გადავწყვიტე.
2009 წელს ფილმის ჩვენებაზე მივედი “ინკლუზივის” და “ვისგის” საზიარო ოფისში. მახსოვს, შიშის განცდა. ძალიან მეშინოდა ვინმე ნაცნობს არ დავენახე. რეალურად, ასე დაიწყო ჩემი აქტივიზმი. მაშინ მივხვდი, რომ ბევრნი ვართ, რომ საზიარო გამოწვევები, პრობლემები და გამოცდილებები გვაქვს.
მოუშუშებელი ტრავმები
ვფიქრობ, რომ ტრავმირებული ერი ვართ იმდენად ბევრი საზოგადოებრივი მაშტაბის ამბავი, ომი, გადატრიალება, თუ რევოლუცია გამოვიარეთ. გამოვიარეთ, თუმცა ამის გაანალიზება და გააზრება არ მოგვიხდენია. ახლა წარმოიდგინეთ ქვიარ თემის მდგომარეობა. თემს ამ ყველაფერს დამატებული პირადი და ძალიან დიდი მოუშუშებელი იარები აქვს, იქნება ეს ტრანსგენდერი ქალების მკვლელობები, 17 მაისის ამბები, თუ ძალადობის ყოველდღიური შემთხვევები.
17 მაისი რამდენიმე მიმართულებით იყო მძიმე ჩემთვის. ერთი ის, რომ სრული უნდობლობა გამიჩინა ჩემი ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ და მეორე, რომ ამ მაშტაბის ძალადობას არ ველოდი. 2012 შიც ვიყავით გასულები. მაშინ 2-3 რელიგიური რადიკალების ჯგუფი დაგვხვდა. იყო შელაპარაკება და ძალადობის შემთხვევები, თუმცა 2013 წელს რომ გავედით და ეს ზღვა ხალხი დავინახეთ როგორ დაიძრა, ამან დიდი უნდობლობა გამიჩინა ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. მანამდე თუ მამოძრავებდა ის იდეა, რომ ადამიანებში კარგია უპირატესი, ამ გამოცდილებამ ეს მომენტი დაახშო. დიდი ხანი მიჭირდა ავტობუსში ასვლა და ქუჩაში გავლა მშვიდად. დავდიოდი ხოლმე და სულ იმას ვფიქრობდი, ახლა ამათგან რამდენი ადამიანი იყო იმ დღეს იქ? რამდენს სურდა ჩემი ცემა?
მესამე, რაც ძალიან რთული იყო არის ის, რომ კინაღამ ჩაგვხოცეს და ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ხანდახან, როცა ვამბობ ამას, ფიქრობენ, რომ ვაზვიადებ, არადა არ არის ეს გაზვიადება. ვნახე იქ რა შემართებითაც იყო ხალხი, როგორც ისროდნენ ქვებს, როგორ უსწორდებოდნენ სხვა ადამიანებს და აბსოლუტურად არავინ დასჯილა.
უნდა აღვნიშნო, რომ 2012-შიც ასე მოხდა. არც მაშინ მოჰყოლია ხელისუფლებისგან რამე რეაგირება ძალადობის ფაქტებს. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ვხედავ, ხშირად ადამიანებს პარტიულ დონემდე უნდათ ამ ყველაფრის დაყვანა. არადა, საქართველოში ჩაგრული ჯგუფებისთვის არასდროს არცერთი მთავრობა არ ყოფილა. ეგ არის ქართული პოლიტიკის ტრაგედიაც. შენ რეალურად, როტაციით იღებ დაახლოებით ერთიდაიგივე ადამიანებს, რომლებიც არასოდეს საუბრობენ საკუთარი პოლიტიკურ განვითარებაზე, ან საკუთარ პოლიტიკურ შეცდომებზე და ისე მოაქვთ თავი, როგორც არაფერი. ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანია ამის მაგალითი. თავის დროზე პოლიტიკური კარიერა რომ გაიკეთა “ერთსქესიანთა” ქორწინების აკრძალვის პეტიციებზე ხელმოწერების შეგროვებით. ახლა კი სიუჟეტებს გვიკეთებს და გვეუბნება, რომ თურმე ძალიან ჰომოფობი ხელისუფლება გვყავს. პარადოქსია.
ცვლილებები
ქართული აქტივიზმის ამბებს ახლა უფრო შორიდან ვაკვირდები. რამდენიმე სასიხარულო ტენდენცია შევნიშნე: უფრო მეტი ადამიანია ჩართული ფემინისტურ და ქვიარ აქტივიზმში, უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ღიად, პირველ პირში და ასევე, უფრო მკაფიო გახდა პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებები.
მე მგონია, რომ იდეოლოგიური არეულობები იწვევს საბოლოო ჯამში გაუგებრობებს ადამიანებს შორის. შესაბამისად, კარგია თავიდანვე იცოდე ვისთან ერთად აკეთებ საქმეს. ერთადერთი ალბათ, რაც, ჩემი აზრით, თემს ხელს უშლის სტრატეგიულ სიტუაციებში ერთიანობაში არის კომუნიკაციის ნაკლებობა. ყველას სხვადასხვანაირად ესახება მიზნამდე მისასვლელი გზა და ეს სრულებით ნორმალურიცაა. იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას შეიძლება სწორედ რომ დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს ამ პროცესში. მთავარია, სწორი კომუნიკაციის გზები გამონახო. მე თავად მქონია ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებისთვის მიმიწერია და ჩემი კომუნიკაციის ფორმების გამო ბოდიში მომიხდია. იმდენად სტრესული და მძიმეა ხშირად ამ სფეროში მუშაობა, რომ ბუნებრივია ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებ.
შვედეთი
შვედეთში წასვლის რამდენიმე მიზეზი იყო. ვგრძნობდი, რომ ჩემი ემოციური რესურსი და ენერგია ბოლომდე ამოვწურე. რეალურად, შენი პირადი ცხოვრება შენი სამსახური ხდება, შენი სამსახური კი შენი პირადი. ამ ორის გამიჯვნა საკმაოდ რთულდება. მაშინ, როდესაც ყველაფერი ახალია გინდა, რომ სულ ამ სიტუაციაში იყო. მეგობრებიც, რომ ამ წრიდან გყავს გინდა არ გინდა საღამოს ლუდზე რაღაც წიგნზე, ან ფილმზე კი აღარ ლაპარაკობ, ისევ აქტივიზმზე და უფლებებზე საუბრობ და ეს ნელ-ნელა შეიძლება ვერც შეამჩნიო როგორ ჭამს შენი პიროვნების რაღაც სხვადასხვა ასპექტებს. წაიშალა ის, რომ ნათიას კითხვა უყვარს, ნათიას მუსიკა მოსწონს, დაკვრა უყვარს და ა.შ და ა.შ.
ერთი მიზეზი ასევე ის იყო, რომ ძალიან მსტრესავდა გარე ჰომო-ტრანს-ბიფობიური გარემო და საზოგადოება და ამასთანავე, შიგნით მოძრაობებში არსებული უთანხმოებები. ეს უთანხმოებები კი ძალიან ბუნებრივია, რადგან როდესაც მოძრაობა უფრო იზრდება და მასში მეტი ადამიანი ერთვება, სხვადასხვა პრობლემებიც უფრო მეტად იჩენს თავს.
საბოლოოდ, მივხვდი , რომ ძალიან დაღლილი ვარ , ვერაფერს ვაკეთებ ყველას ვეჩხუბები და პროფესიული თვალსაზრისით ვეღარ ვვითარდები. ამ ყველაფრის შემდეგ გამიმართლა, სტიპენდია ავიღე და სასწავლებლად წავედი. სხვათაშორის, ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება იმიტომ, რომ როდესაც ზოგადად რამე სივრცეში შედიხარ, სადაც გიცნობენ, შეგაქვს შენი სტატუსი, გამოცდილება, ბარგი და ბაგაჟი. არადა, ძალიან დიდი თავისუფლებაა ჩემთვის, როდესაც ამ სტატუსებისგან თავისუფალი ხარ. შვედეთში აუდიტორიაში როდესაც შევედი, ზუსტად ეს ვიგრძენი, რომ არავისზე მეტი, ან ნაკლები არ ვარ, რომ არავის ჩემი სტატუსი არ აინტერესებს და რომ ჩემით უნდა შემექმნა ამ მომენტიდან საკუთარი თავი და რეპუტაცია.
პირადი გამარჯვებები
ყველაზე დიდი რაც გამიკეთებია ჩემი აქტივიზმის პერიოდში არის ალბათ ის, რომ საჯაროდ ვახერხებდი პირველ პირში საუბარს. შემეძლო თემზე და საკუთარ თავზე მესაუბრა. შესაბამისად, არსებობდა გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ. არ ვამბობ, რომ იდეალური და უნაკლო ვარ, თუმცა ვცდილობდი ძალიან ფრთხილი ვყოფილიყავი და ჩემი აქტივიზმით მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის მომეტანა სიკეთე. ჩემი მუშაობის პერიოდში ღიად ქვიარ ქალები თითქმის არ იყვნენ, ახლა კი ვხედავ, რომ სიტუაცია შეცვლილია. ეს ძალიან მახარებს. მინდა ვიფიქრო, რომ შეიძლება ჩემი მაგალითი დაეხმარა ვიღაცას ამაში. ბუნებრივია, ამას ყველას მიმართ დიდი პატივისცემით ვამბობ და არც ქამინგ აუთი არ მიმაჩნია სავალდებულო პანაცეად ყველასთვის.
ყველაზე დიდი ალბათ მაინც ეგ იყო, რითიც ვამაყობ. ვამაყობ, რადგან მახსოვს, რომ იმ მომენტში მეც ძალიან მეშინოდა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia

