ქართველი კინოვარსკვლავი, რომელმაც ნიჭიერებით ადრეულ ასაკშივე მოიპოვა წარმატება და პოპულარობა.
“არსენა ყაჩაღსა” და “მამის მკვლელში” თამაშმა ნატოს წარმატება მოუტანა, თუმცა მსახიობისთვის ეს საკმარისი არ იყო. ნატოს განსაკუთრებით სწყინდა ის, რომ ერთფეროვან როლებს ასრულებდა, პასიური ქართველი ქალისას. მას სურდა უფრო ღრმა, სერიოზული და თამამი როლები ეთამაშა. კოტე მარჯანიშვილთან მუშაობისას ნატოს ამის შესაძლებლობა მიეცა. ფილმებში “ამოკი” და “კრაზანა” მან ტრადიციული თვალით დანახული ქართველის ქალისაგან განსხვავებული, დამოუკიდებელი, გამბედავი და საკუთარი ღირსების დამცველი ევროპელი ქალები განასახიერა.
ნატო ვაჩნაძემ დაამტკიცა ისიც, რომ არ არსებობს ისეთი საქმე, რომელიც ქალს არ შეეფერება. იგი არ შეუშინდა დოკუმენტურ კინოზე მუშაობის სიმძიმეს და ესთერ შუბთან დაიწყო ასისტენტობა. ქალი მუშაობდა ღია ცის ქვეშ, ყინვაში, სამსართულიანი სახლების სახურავებზეც კი ადიოდა ქალაქის გადასაღებად.
როგორც ნატოს ხელმძღვანელი იხსენებს, თავდაპირველად მას ქალის ასისტენტად მიღება არ სურდა, რადგან მძიმე საქმისთვის ნატო სუსტი და შეუფერებელი ეჩვენა, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ნატო “გატაცებით, მთელი სულითა და გულით მუშაობდა და არავითარ საქმეს არ ერიდებოდა.“ ახალგაზრდა მსახიობმა დაამტკიცა, რომ საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ქალისთვის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გადაულახავი სირთულეები არ არსებობს.

