რაისა ლიპარტელიანი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

⭐️ საწყისი წერტილი

2003 წელი იყო, მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც სტუდენტები შევიკრიბეთ და დავიწყეთ სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობა. “ნარკომანია 21-ე საუკუნის სენი” – ასე ერქვა პროექტს. პროექტი ეხებოდა იმას, რომ ნარკომომხმარებლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემულიყვნენ. გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დამნაშავეები და მათ სჭირდებოდათ მკურნალობა და რეაბილიტაცია და არა დასჯა და ციხეში ჩასმა.
ამ პერიოდში სისხლის სამართლის მიმართულება ძალიან მაინტერესებდა.

შემდგომ წლებში დავიწყე მუშაობა პროექტზე, რომლის მიზანიც იყო გაგვეწია დახმარება იმ პატიმრებისთვის, რომლებიც თავიანთი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექვემდებარებოდნენ განთავისუფლებას, ან სასჯელის გადავადებას. გვყავდა რამდენიმე ადვოკატი. იმ დროინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და სისტემიდან გამომდინარე რთული იყო ამ საქმეზე მუშაობა, რადგან თვითონ ექიმები ერიდებოდნენ ცნობაში პატიმრების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერას. ფაქტიურად, სანამ ადამიანი არ გარდაიცვლებოდა, მანამ ვერ ვახერხებდით მისი ციხიდან დახსნას. ეს ძალიან რთული იყო ჩვენთვის, როგორც ემოციურად, ისე ფსიქიკურად.

2007 წელი იყო, ვიწყებ უკვე პროფკავშირების გაერთიანებაში მუშაობას. ამ დროს ორგანიზაციაში ბევრი მიმართულება ჰქონდათ, თუმცა არ იყო დეპარტამანტი შრომის მიმართულებით, რაც მალევე შევქმენი. ავიყვანეთ იურისტები და დავიწყეთ აქტიურად შრომით უფლებებზე აქტიურად მუშაობა, ცნობიერების ამაღლება, საგამომცემლო საქმიანობები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და სხვ.
ამ წლებში საქართველოში შრომითი უფლებები, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არსებობდა. კანონმდებლობა არ იყო. რამდენიმე მუხლიანი კოდექსი გვქონდა, რომელიც დამსაქმებელს აძლევდა ყველაფრის უფლებას და არ იცავდა დასაქმებულს. ნებისმიერ დროს შეეძლოთ დამსაქმებლებს ადამიანების დათხოვნა სამსახურებიდან, ყოველგვარი გაფრთხილებისა, თუ ახსნა-განმარტებების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.

⭐️ გამარჯვებები

2006 წლიდან 2011 წლამდე ჩემი შრომა შეიძლება ითქვას, რომ იყო უშედეგო, რადგან სასამართლო გვეუბნებოდა, დამსაქმებელს ყოველთვის აქვს უფლება დაქვემდებარებული გაანთავისუფლოსო. ამიტომ, ამ რეალობაში ერთადერთი გზა იყო, რომ გვემუშავა საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც ეროვნულ დონეზე გამორიცხული იყო, მაშინდელი პოლიტიკის, ნეოლიბერალური მიდგომების და თავისუფალი შრომის ბაზრის ფონზე.
მოკლედ რომ ვთქვა, ეს ყველაფერი აისახებოდა ნულოვან შრომით უფლებებში. დავიწყეთ მუშაობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკომისიებთან. საბოლოოდ ძალიან ბევრი გათენებული ღამის და დაუღალავი მუშაობის შედეგად 2013 წელს მივიღეთ შრომით კანონმდებლობაში ცვლილებები. შედეგად, 2014 წლიდან მოყოლებული 70% დაახლოებით დავების დასაქმებულის სასარგებლოდ სრულდება. ბევრი ცვლილება, რაც ამ დროს შევიდა კანონში სწორედ ჩვენი მიწოდებულია. მაგალითად, ის, რომ ფეხმძიმე ქალი არ უნდა გაანთავსიუფლონ სამსახურიდან. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ რომ არა ეს ცვლილებები, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ 2006 წლიდან შრომის ინსპექციის ამოქმედებას ვითხოვდით შრომის უფლებების აღსრულებისთვის და საბოლოოდ, ის 2021 წლიდან ამოქმედდება რეფორმის შედეგად. მისი მანდატი მოიცავს ასევე თანასწორობის საკითხებს.

დღევანდელ დღეს ძალიან დიდი გამოწვევაა გენდერული თანასწორობა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით შრომით უფლებებში. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ქალები უფრო ნაკლებად არიან დასაქმებულები, მაშინ როდესაც ქალებს უკეთესი განათლება აქვთ მიღებული. ასევე, დასაქმების შემთხვევაშიც ქალები ძალიან ბევრ უთანასწორობას აწყდებიან. ეს უთანასწორობა ძალიან კარგად ვლინდება სახელფასო სხვაობაში. სწორედ სახელფასო სხვაობის შესახებ ჩემ მიერ მომზადებული საჩივრის შედეგად 2018 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის მიერ მოხდა საქართველოს ქეისის განხილვა საქართველოში ქალისა და კაცის მწვავე სახელფასო უთანასწორობის შესახებ. 2020 წელს კი, შრომის კოდექსით ქალისა და კაცის თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების პრინციპი შემოვიტანეთ.

ჩემი საქმიანობიდან ყველაზე მეტად ალბათ ამის გარდა გამოვყოფდი კონვენციას, რომელი უკვაშირდება ძალადობას და შევიწროებას სამუშაო ადგილზე. განსაკუთრებული აქცენტით გენდერული ნიშნით სამსახურში შევიწროებასა და ძალადობაზე. შარშან ჟენევაში მივიღეთ ეს კონვენცია, რაშიც მეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. ასეთი მიღწევები ძალიან სასიხარულოა. ბუნებრივია, გახარებს და გაბედნიერებს, რომ მცირედი სარგებელი მაინც მოგაქვს ქალებისთვის და ზოგადად ადამიანებისთვის.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერია Women’s Fund in Georgia

#აქტივისტურიტალღა