რატომაა საშიში სოლარიუმში გარუჯვა?

UV ულტრაიისფერ სხივებს, რომელსაც სოლარიუმის აპარატი ასხივებს, აქვს კანცეროგენული (სიმსივნის გამომწვევი) თვისებები. ბოლო წლებში მელანომის შემთხვევებმა იმატა, მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა.

არსებობს მოსაზრება, რომ აპარატით გარუჯვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მზეზე, რადგან სოლარიუმში გამოიყოფა UV-A (ყველაზე სუსტი, მაგრამ ღრმად აღწევს კანში და შეუძლია გამოიწვიოს ღრმა დამწვრობა) რადიაცია და უფრო კონტროლირებადია. მაგრამ ბოლო დროის კვლევები ადასტურებს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს კანის კიბო.
სოლარიუმის ნათურები 12-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე – „ცოცხალი“ მზე და სოლარიუმში გატარებული 20 წუთი სანაპიროზე ყოფნის ოთხი საათის ტოლფასია.

სოლარიუმის მოყვარულებისგან ხშირად გაიგებთ, რომ ისინი ამ ფორმით იღებენ D ვიტამინს, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუმცა, სოლარიუმის რუჯი არ არის D ვიტამინის მისაღები ეფექტური საშუალება. D ვიტამინის ბალანსს ორგანიზმში მზის სხივების მცირე დოზაც კი განსაზღვრავს.

სოლარიუმს ჯანმრთელობისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს. ულტრაიისფერი სხივები იმდენად დიდ ზიანს გვაყენებს, რომ მისი ბოლომდე განეიტრალება დამცავი საშუალებებითაც კი შეუძლებელია. ალბათ უკვე დროა, შევიცვალოთ დამოკიდებულება რუჯის მიმართ და უარი ვთქვათ სოლარიუმზე, რომელიც მელანომის და კანის სხვა სიმსივნეების განვითარების მაპროვოცირებელია.