11 იანვარს, უწყვეტი წინააღმდეგობის 45-ე დღეს ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა სლოგანით – “სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს”. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს 10-11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების, ქეთევან ჯაჭვაძის და ირაკლი ხუსკივაძის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენება იმ 19 პირის მიმართ, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას სხვადასხვა დროს სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
ბათუმში მშვიდობიან აქციას მოყვა პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება.
ბოლო მონაცემებით, ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.
„ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე იხსენებს:
„ეთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს. როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში”.
“როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აგრძელებს შეკრების თავისუფლების ხელყოფას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და მასობრივი უკანონო დაკავების პრაქტიკას. 28 ნოემბერს საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უდიდესი ნაწილი უთითებს დაკავების დროს და დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობაზე და წამებაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან.” – ვკითხულპბთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

