“სხეულზე თმის გამოჩენისა და გაზრდის პროცესი დაიწყო ბევრად ადრე, როდესაც დავიწყე იმ კითხვების დასმა, თუ რა არის ნორმა და რა არა; სოციუმის მიერ დაწესებულ ნორმებზე დავიწყე სიღრმისეული ფიქრი. ეს პროცესი ბევრ სხვადასხვა საკითხს მოიცავდა და სხეულზე არსებულ თმამდე ცოტა გვიან მივედი. ჩემს კულტურასა და სოციუმში ამის მაგალითი არ მქონია. შესაბამისად, ყველაზე გვიან სწორედ ამ თემამდე მივედი.

თავიდან ცალკეული ადგილებით დავიწყე, მაგალითად, ერთ კონკრეტულ ადგილას არ მოვიშორე თმა. თუმცა, რაღაც ეტაპზე გავიაზრე, რომ არ ვიცოდი, საერთოდ რატო ვიშორებდი სხვა ადგილებშიც თმას. ზოგადად, ადამიანების აზრი ნაკლებად მაინტერესებს, მთავარია ვიყო კომფორტულად საკუთარ სხეულთან. მაგრამ, როცა ამ ე.წ. მოგზაურობას იწყებ, და საკუთარ თავს უამრავ კითხვას უსვამ, მარტივი პასუხები გამზადებული არ გაქვს; აუცილებელია კარგად დაფიქრდე, პასუხები მოძებნო და შენ თავს ნამდვილად გასცე პასუხი, კომფორტულია, თუ არა ეს შენთვის.

ჩემს შემთხვევაში მივედი დასკვნამდე, რომ თმას ჩემი კომფორტისთვის არ ვიშორებდი, ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა, ან მომწონდა. როცა ჩემს სხეულზე თმა გამოჩნდა, პირველი ნეგატიური დამოკიდებულება ოჯახის წევრებისგან ვიგრძენი და მათთან ძალიან დიდი კონფლიქტი მქონდა ამასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ლაპარაკის დროს, არგუმენტად ვიღებდი ერთ პასუხს, რომ სხეულზე თმა არაჰიგიენურია. თუ კაცზე არ არის არაჰიგიენური, ქალს რამე განსხვავებული სტრუქტურის თმა ან კანი აქვს? ამ კითხვაზე შესაბამის პასუხს და არგუმენტს ვერასდროს ვიღებდი.

ამ კონფლიქტის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ კომფორტის ზონაში არ დავრჩენილიყავი და ის გამეკეთებინა, რაც ჩემს “მე”-სთან უფრო ახლოს იყო. ჩემი ასაკის ადამიანებისგან ასე პირდაპირ კომენტარებს არ ვიღებდი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა მაშტერდებოდნენ, ან ისე მიყურებდნენ, რომ ვგრძნობდი, მათთვის რაღაც უჩვეულო იყო. რაღაც ეტაპზე ეს მომწონდა კიდეც, რომ ხალხი მამჩნევდა. თუმცა, მარტოდ ვგრძნობდი თავს, მეგონა, რომ ჩემ გარშემო არ არსებობდნენ ადამიანები, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ მარტო არ ვარ. გავიცანი ჩემი კურსელი გოგონა, რომელსაც ანალოგიური ისტორია ჰქონდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია თვითრეფლექსია და კრიტიკულობა საკუთარი თავისა და გადაწყვეტილებების მიმართ. ხშირად უნდა დავსვათ კითხვა, ამას ვისთვის ვაკეთებთ? მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ, თუ უბრალოდ სოციუმის დაწესებულ სტანდარტებს ბრმად მივყვებით? არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზარდოს სხეულზე თმა, უბრალოდ მინდა, ყველამ გაიაზროს საკუთარი ქცევის რეალური მიზეზი და მიზანი. თმის მოშორება საზოგადოებაში ნორმალიზებული რომ არ ყოფილიყო, მაინც გავაკეთებდი ამას? – თუ ამ კითხვაზე გულწრფელ პასუხს საკუთარ თავში მოვძებნით, მაშინ ყველაფერი ძალიან გამარტივდება და ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება.”

– ნინი მაჭავარიანი.