სექსუალურად აქტიური ცხოვრების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად აკონტროლოთ თქვენი სქესობრივი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
⚠️ იმისათვის, რომ გქონდეთ უსაფრთხო და დაცული სქესობრივი ცხოვრება, აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, რომელი და რა ტიპის კონტრაცეფციის მეთოდი არის შესაფერისი კონკრეტულად თქვენთვის.
⚠️ დღესდღეობით, უამრავი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არსებობს. ყოველდღიური აბები, ყოველთვიური ინექციები, ვაგინალური რგოლები და საშვილოსნოს შიდა ხელსაწყოები… ეს ყველაფერი არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მეთოდებია.
თუ უკვე გაქვთ ან აპირებთ, რომ სექსუალურად აქტიური ცხოვრება დაიწყოთ: გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან კონტრაცეფციული საშუალებების შესახებ ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად. ესაუბრეთ ექიმს თქვენი ცხოვრების წესის ცვლილებებზე და გადაწყვიტეთ, არის თუ არა თქვენ მიერ არჩეული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი თქვენთვის და თქვენი ორგანიზმისთვის შესაფერისი.
⚠️ თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები არასასურველ გვერდით მოვლენებს იწვევს (როგორიცაა თავბრუსხვევა ან სექსუალური სურვილის დაქვეითება), მნიშვნელოვანია, შეცვალოთ მეთოდი და ექიმის დახმარებით, იპოვოთ ჩასახვის საწინააღმდეგო ის ვარიანტი, რომელიც თქვენს ორგანიზმს უკეთ მოერგება.
ორსულობის თავიდან ასაცილებლად და სგგი-ის გადადების რისკის შესამცირებლად საუკეთესო გზა ყოველ ჯერზე, როცა სქესობრივი კონტაქტი გექნებათ, ბარიერული თავდაცვის სწორად გამოყენებაა.
✖️ კაცის კონდომი თავდაცვის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ალტერნატიული საშუალებაა ქალის კონდომი, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორივეს ერთად გამოყენება ცალსახად დაუშვებელია.
იყავით გულწრფელი პარტნიორთან თქვენი სექსუალური წარსულის, პრეფერენციებისა და უსაფრთხო სექსის პრაქტიკის გადაწყვეტილების შესახებ. მნიშვნელოვანია პარტნიორთან ამ თემებზე ღია კომუნიკაცია, რათა თავიდან აირიდოთ სხვადასხვა ინფექცია თუ დაავადება, რომელიც ზოგ შემთხვევაში განუკურნებელია. გახსოვდეთ, რომ უსაფრთხო სექსზე ზრუნვა მხოლოდ ერთ ადამიანს არ უნდა უწევდეს, რადგან ეს არის ორივე პარტნიორის პასუხისმგებლობა.
პროექცის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia

