ხათუნა ხაჟომია, 47 წლის

“საბავშვო ბაღში პირველ დღესვე მასწავლებელმა მკითხა -„რა გაქვს ლოყაზე?“ მე ტირილი დავიწყე და ვუპასუხე „ნიშანი“. მახოვს იმ საღამოს დედა და მამა მეფერებოდნენ და მიხსნიდნენ როგორი კარგი და ლამაზი ვიყავი, რომ ეს ნიშანი სახეზე სულ არ იყო ცუდი, რომ ყველასგან განსხვავებული ვიყავი და მათ ვერსად დავეკარგებოდი. მახსოვს, ეს – „ვერსად დავიკარგები“, განსაკუთრებულად მომეწონა.

ისე გავიზარდე ჩემს „განსხვავებულობას“ არასდროს შევუწუხებივარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებმაც აღზრდის დროს აქცენტი ჩემს ღირსებებზე გააკეთეს.

ქუჩაში მოშტერებულ მზერას დიდი ხანია მივეჩვიე.

25 წლის ვიყავი დისშვილი რომ შემეძინა, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი და თანამშრომლებისაგან მოლოცვასაც სიხარულით ვიღებდი. ერთმა თანამშრომელმა მითხრა: „ რა კარგია დისშვილი რომ გაგიჩნდა, სიბერეში პატრონი გეყოლებაო“, აშკარად კეთილი განზრახვით, შინაურულად მითხრა. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ პირადი ცხოვრება, ოჯახი და შვილები მეყოლებოდა.

ერთხელ მეგობარმა დამითანხმა პლასტიკური ქირურგის კონსულტაციაზე მივსულიყავი. ვფიქრობდი და ვერ მოვიფიქრე როგორი ვიქნებოდი „ნიშნის“ გარეშე. ჩემმა ქმარმაც მითხრა, დაანებე თავი, მე ასეთი მიყვარხარო. მივხვდი რომ არ მინდოდა ცვლილებები, ჩემი თავი მხოლოდ ჩემი „ნიშნით“ წარმომედგინა. დღემდე სარკეში რომ ვიხედები სახეზე ნიშანს საერთოდ ვერ ვხედავ და რაც ამ ეტაპზე მადარდებს, ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებული კანის პრობლემებია. აუცილებლად მინდა ჩემსავით განსხვავებულ გოგონებს ვუთხრა – როგორც თქვენ წარუდგენთ თავს გარშემომყოფებს, ისე შეგაფასებენ! გამონაკლისები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მერწმუნეთ, მათი მოშტერებული მზერა და შეფასებები თქვენზე არ იმოქმედებს.

მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ – ასეთივე შეუყვარდებით სხვებსაც.”

წიგნის სანახავად გადადით ბმულზე: https://selflovestories.ge/